,,კაბინეტური ფოტოხელოვნების განვითარება და გვირილობის აღნიშვნის ტრადიცია’’-გამოფენა ქუთაისში

დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ორგანიზებით, ქუთაისში კაბინეტური ფოტოხელოვნების განვითარების და გვირილობის აღნიშვნის ტრადიციის შესახებ გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისის ხედები, გვირილობის დღესასწაულის ამსახველი სურათები, ასევე სპეციალურად მოწყობილი სამი ფოტო-კაბინეტი, სადაც 2 საუკუნის წინ მოქალაქეებს სურათის გადაღება შეეძლოთ. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში იმართება.

 

 

ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ორგანიზებით, მესხიშვილის თეატრში ასევე მოეწყო კინო სტუდია, რომელშიც ქართულ ფილმებში წარმოდგენილი რეკვიზიტებია ასახული.

 

გამოფენა გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

,,ვაპირებდით ფოტო-მასალა 5-6 ლოკაციაზე განგვეთავსებინა, მაგრამ უამინდობის გამო ვერ მოვახერხეთ. აქ წარმოდგენილი მასალა ქუთაისის წარსულს ასახავს, როგორ ვითარდებოდა ფოტო-კაბინეტები, როგორ იღებდნენ ქართულ კინოს, როგორი იყო მე-19 საუკუნის ქუთაისი და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ‘’-ამბობს ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის დირექტორი, რამაზ ობოლაძე.

 

ღონისძიება 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან იღებს სათავეს. ის გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
| Print |