ქუთაისში თეონა დოლინჯაშვილთან და ეკატერინე ტოღონიძესთან შეხვედრა და მათი წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ქუთაისში მწერლებთან, თეონა დოლინჯაშვილთან და ეკატერინე ტოღონიძესთან შეხვედრა გაიმართა.

გაიმართა მათი წიგნების ,,ჩიტი არ გამოფრინდება" და ,,შინ შენ" გამოფენა-გაყიდვა. ორივე წიგნი ომის თემატიკას ეხება, ორივეში ომისგან მიღებული ტრავმებია ასახული, ორივეს წითელ უსიამოვნო ხაზად რუსეთის თემატიკა გასდევს. ამბის ძირითადი მთხრობელები ქალები არიან, რომლებმაც ომის სისასტიკეს თვალებში ჩახედეს.
,,მშვიდობას ქალის სახე აქვს" - ეს იყო პირველი თემა, რომელიც ავტორებმა განიხილეს. მათი თქმით, როცა ომის შესახებ მამაკაცები ყვებიან, ყვებიან საბრძოლო ტექნიკაზე და შეტევებზე, ხოლო ქალები ომს ადამიანური კუთხით გვაჩვენებენ. მათი ამოსავალი წერტილია ადამიანი, რომელის არჩევანიც არ ყოფილა ომი. ორივე ნაწარმოებში წარმოდგენილია ადამიანთა სახეები, რომელთა ისტორიაც თეთრ დაფაზე თეთრი ცარცით დაწერილი სიტყვებივით უხილავია და სიკვდილის შემდეგ მხოლოდ სტატისტიკაში მოიხსენიებენ. 

,,მაშინ, როცა ეს ნაწარმოებები დაიწერა, უკრაინაში ომი დაწყებული არ იყო. აქ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ლიტერატურის წინასწარმეტყველობითი ბუნება. ჩემსა და თეონას წიგნებში გადაკვეთის წერტილებს ხშირად იხილავთ. თითქოს ტელეპატიურად გადავცემთ ავტორებს ერთმანეთს ჩვენს ნააზრევს. ჩემი წიგნი ომის შემდგომ მოვლენებს ეხება, საუბარია პერიოდზე, როცა ყველაფერი წყნარდება და ადამიანები ჩვეულ გარემოს უბრუნდებიან, მაგრამ მათ ომის ტრავმები მოჰყვებათ. სიმბოლურია, რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შევხვდით ჩვენს მკითხველს,"-ამბობს ეკატერინე ტოღონიძე.

,,დღეს მე და ეკატერინე ტოღონიძემ ქუთაისელებს ჩვენი წიგნები გავაცანით, მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩემი შემოქმედება ჩემს თანაქალაქელებს გავუზიარო. ქუთაისი არის ქალაქი, საიდანაც სათავეს იღებს ქართული კულტურა, ეს ქალაქი წლების განმავლობაში კვებავდა და ტონს აძლევდა მთელ ქართულ კულტურას, ამიტომ აქ მუდმივად უნდა იმართებოდეს სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები,"-ამბობს მწერალი თეონა დოლინჯაშვილი.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამი გამომცემლობა: პალიტრა L, საბა და ბაკურ სულაკაური. წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

| Print |