ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს მიერ მისი საავადმყოფოში გადაყვანის გაჭიანურებამ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია
ქუთაისის ცენტრში 21 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა გააჭიანურეს, რის გამოც ადგილზე მყოფ მოქალაქეებსა და სასწრაფო დახმარების ექიმს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

,,ბიჭი ისე ცუდად იყო, ვერ ლაპარაკობდა, ამ დროს ექიმმა იმის ნაცვლად, რომ საავადმყოფოში წაეყვანა, კითხვების დასმა დაუწყო. როცა ვუთხარით , რომ საუბრის დრო არ იყო და სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ, უხეშად მოგვმართა, მე უკეთ ვიცი რა ვქნაო, წადით აქედანო, ადამიანი ცუდად იყო და არ უნდოდათ საავადმყოფოში წაეყვანათ,"-ამბობენ თვითმხილველები.

მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, კუჭის წყლული ჰქონდა და შემთხვევაც, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია.



,,კუჭი საშინლად სტკიოდა. გონება ბოლომდე არ დაუკარგავს, თუმცა ისე ცუდად იყო, შეგვეშინდა, კომაში არ ჩავარდნილიყო,"-ამბობს მამაკაცის მეგობარი.

ამ დროისთვის ახალგაზრდა მამაკაცი საეკლესიო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

| Print |