რუსეთი წლების განმავლობაში ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების წესრიგს - ჟოზეფ ბორელი
"რუსეთი წლების განმავლობაში ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების
წესრიგს.
რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უკრაინაში
(ყირიმი, დონბასი) და საქართველოში ძალა გამოიყენა“, - ამბობს ჟოზეფ
ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
მისი განცხადებით, უკრაინა-რუსეთის კრიზისი დეკემბერში არ დაწყებულა,
არამედ მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მოსკოვმა უკრაინისა და
საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
მისი თქმით, არსებული კრიზისი ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ
ევროპული უსაფრთხოების წესრიგსაც.
„რუსეთი ძველი პირობების დაბრუნებას და გავლენის სფეროების აღდგენას
ცდილობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არ არის კონცეფცია, რომელიც ამ
საუკუნეს ეკუთვნის“, - განაცხადა ბორელმა.
ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს ორი პრიორიტეტი
აქვს - დიპლომატია და შეკავება და ორივე საჭიროა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დეესკალაციის მისაღწევად ძალისხმევა და წვლილი
შევიტანოთ ყველა დიპლომატიურ მცდელობაში. ჩვენ ძლიერ სანქციებს
ვამზადებთ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო
ქმედებებს გადაწყვეტს. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენი რეაგირების ხასიათი რუსეთის არჩევანს უნდა შეესაბამებოდეს“, -
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები