ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება დასრულდა. აღნიშნულის შესახებ

დღეს 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით სულ 1154 განცხადება შემოვიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო აქედან 738 შეირჩა.

“738 არჩეული კომისიის წევრიდან 563-ს აქვს შესაბამისი გამოცდილება, 10 არის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, 72 ფლობს საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების დასრულების სერთიფიკატს, 15 არის საარჩევნო განათლების სკოლის კურსდამთავრებული, 2 ახალგაზრდა ამომრჩეველის სერთიფიკატის მფლობელი. 75 ადამიანს არ აქვს გამოცდილება, მაგრამ ისინი არიან ახალგაზრდები 19-დან 23 წლამდე, რომლებსაც მივეცით შანსი, მიეღოთ შესაბამისი გამოცდილება”-განაცხდა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ რადიო “ძველ ქალაქთან” განმარტა, რომ საარჩევნო კომისიები გენდერულად არის დაბალანსებული.

“ზუსტად არ მაქვს მონაცემები თუ რამდენი ქალი არის სულ საარჩევნო კომისიაში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო ჭარბობენ,” – განმარტა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ავთანდილ ოსეფაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, მან ასევე განმარტა, რომ რეგისტრაცია ჯერჯერობით არც პარტიებიდან დასახელებულ მერობის კანდიდატებს გაუვლიათ.

59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით რეგისტრაციის ვადა 2017 წლის 21 სექტემბერს იწურება.

ქუთაისში სულ 153 880 ამომრჩეველი და 123 უბანია რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *