ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.

დეპუტატებმა განვლილი სამუშაო პერიოდი და საკრებულოში მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურობა შეაფასეს.

მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა წარუმატებლად მიიჩნია.

“საკრებულომ ქუთაისის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ უპასუხა. ქუთაისმა დაკარგა პარლამენტი და საკრებულომ ცენტრალურ ხელისუფლებას არანაირი მოთხოვნით მიმართა. სოციალური ფონი დამძიმებულია, ამ სირთულის გადალახვა კი ახალ საკრებულოს მოუწევს,”- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

დეპუტატის დავით წიტაიშვილის აზრით, საკრებულოს შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა.

“პირველ რიგში, ამ ქალაქის მკვიდრი ვარ, მერე ვარ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ამიტომ ქალაქისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერდი. საკითხებს, რომლებიც ქალაქისთვის მიუღებელი იყო, რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერდი. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქი დიდად არ განვითარებულა,”- განაცხადა წიტაიშვილმა.

საკრებულოს მუშაობის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.

“ვმუშაობდი 24 საათიან რეჟიმში და ერთი ლარი არ წამიღია საკრებულოდან. ყველა საკრებულოს სხდომას ბრძოლით ვიწყებდი და შედეგამდე მივდიოდი,-” განაცხადა ქათამაძემ.

ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა მუშაობას 20 ნოემბრიდან დაიწყებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *