ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უმრავლესობას პარლამენტთან

მიმდინარე აქციაზე წასვლისაკენ და პარლამენტის გადატანის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდეს. ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ ის გამარჯვების ოლქის მცხოვრებლების, საკუთარი ამომრჩევლის პოზიციის გამხმოვანებელია.

“რაც შეეხება იმ აქციას, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის წინ, მინდა განვაცხადო, ჩემი პოზიცია ეს არის ქუთაისის მოსახლეობის უმრავლესობის, მათ შორის იმ მოსახლეობის პოზიცია, რომელთაც მე მომცეს ხმა გამარჯვების ოლქში. ეს ადამიანები უჭერენ მხარს ქუთაისის როგორც საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას. მე, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, უფლება არ მაქვს, მათი პოზიცია არ გავახმოვანო. თუმცა, ჩემი, როგორც საკრებულოს დეპუტატის პოზიცია, არ ვფიქრობ, რომ რაიმე სახით გავლენას მოახდენს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენის მოხდენა ამ საკითხზე არ შემიძლია. ამასთან დაკავშირებით, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გააკეთეს განცხადებები და მხარი დაუჭირეს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიგა შუშანიამ ქუთაისის საკრებულოს წევრებს სხდომის დატოვებისაკენ მოუწოდა. შუშანიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან შეერთება სთხოვა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საკრებულოს წევრები აქციაზე ერთად უნდა იდგნენ, რადგან დღეს ქუთაისის მომავლის ბედი წყდება.

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება. ჩუგოშვილის განცხადებით, თითქმის შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *