“ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი”-ქუთაისში საპროტესტო

აქცია-მსვლელობა მოეწყო. ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წევრები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალისაკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე რუსულ ოკუპაციას კვლავ აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ის პირები, რომლებმაც ძალით გამოყენებით აქცია დაარბიეს, კვლავ დაუსჯელები არიან.

საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს მოხდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო “რედისონთან” დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. 

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *