საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნამახვანჰესის” ხელშეკრულების  გაწყვეტასთან დაკავშირებით ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომპანია “ენკასთან” გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, რის შესახებ ინვესტორსაც ესაუბრა და საქართველოს მთავრობის სუვერენული უფლებაა, ინვესტორს ესაუბრონ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გააგრძელებს დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საუბარს  თურქეთის პრეზიდენტთან “ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით,  ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან არ უსაუბრია.

“პირველ როგში, დიახ, გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი რაღაც. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რაღაც იყო მიუღებელი, ამის თაობაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან, ეს ერთი. ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა, მათ შორის მაწუხებდა მეც, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ეს სავსებით ნორმალურია. მეორე, რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ შევუქმენით აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია და ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ასევე ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას, დაბრკოლებას არ ველოდებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ კომპანიის მიმართ საქართველოს ფინანსურ ვალდებულებებს, ღარიბაშვილის თქმით, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, კომპანიის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობის შეფასების მიხედვით მოხდება მოლაპარაკება, უამრავი ვერსია არსებობს და ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.

“ეგ არის ძალიან შორეული პერსპექტივა, არავინ იცის, რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დატოვებს, რა თქმა უნდა, დაითვლება, ამის აუდიტს გააკეთებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს კომპანიის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას. ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება, კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს. ასე რომ, მე ვერ ვხედავ პრობლემას ამ მიმართულებით”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *