ქუთაისის მერიის დასუფთავების 400-მდე  თანამშრომელს არჩევნების წინ პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.

ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მიაწოდა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ,ხატია დეკანოიძე ამბობს, უკავშირდებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

 

,,არაერთი თანამშრომელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ  პირადობა ჩამოართვეს. ამ ადამიანების ნაცვლად შემდეგ უბნებზე თავიანთ მხარდამჭერებს გაუშვებენ.  Ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა გზით ცდილობს. ვნახეთ კადრები, როგორ იმალებოდნენ კოორდინატორები სიით ხელში საარჩევნო უბანზე. ძალიან სევდიანი კადრები იყო. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ამცირებს ხელისუფლება ხალხს და როგორი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ,’’-ამბობს ხატია დეკანოიძე.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქუთაისში სულ 124 უბანია და რეგისტრირებულია 153746 ამომრჩეველი. ქალაქის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ხატია დეკანოიძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და იოსებ ხახალეიშვილი ,,ქართული ოცნებიდან”. პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *