პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე წალენჯიხის არჩეულ ოპოზიციონერ მერს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

“მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო – ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წალენჯიხის ოპოზიციონერმა კანდიდატმა დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მას მთელი ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერა ექნება კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის.

ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ახლა საქმეზე კონცენტრირებაა საჭირო.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. და რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისა და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს და საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *