,,ბოცა გაძვირდა, ბოცა ღირს 5500 ლარი” – ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე ქუთაისის მერის გაზრდილ ხელფასს და 2022 წლის ბიუჯეტის გადანაწილებას აპროტესტებს.

ზალიკო კუხიანიძის თქმით, ქუთაისისთვის გამოყოფილი 89 მილიონიდან 53 მილიონი იხარჯება ხელფასებზე, მომსახურებაზე, საწვავზე, კანცელარიაზე და ავეჯზე, რაც მისი თქმით, არასწორია. ასევე ქალაქში, სადაც უამრავი ხელმოკლე ადამიანია, სოციალურად დაუცველებისთვის მხოლოდ 4 მილიონი გამოყვეს, რაც ზალიკო კუხიანიძის შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ მერი არა ხალხის, არამედ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას ემსახურება.

,,ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მერიაში რჩება, ქალაქს მხოლოდ 36 მილიონი რჩება. მივმართავ ქალაქის მერს: რით ვერ გაძეხით? სად გინახავთ ნახევარზე მეტი მერიაში დაიხარჯოს და ნახევარზე ბევრად ნაკლები ქალაქის საჭიროებს მომხმარდეს? “-სვამს კითხვას ზალიკო კუხიანიძე.

ის ამბობს, რომ ბიუჯეტის ამ ფორმით დამტკიცებას არ დაუშვებს. ზალიკო კუხიანიძის თქმით, ის აქციებს პერმანენტულ რეჟიმში გააგრძელებს და ქუთაისის მერს გადადგომას აიძულებს.

2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქის მერის ხელფასი 5500 ლარამდე გაიზრდება. წინა წელს მერის ხელფასი 2700 ლარს შეადგენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *