ასოციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებულმა ქალთა კლუბმა ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე ადეიშვილის სახელობის თვალის კლინიკათა ქსელმა ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ჟურნალისტებს.

,,დღეს ძალიან სევდიანი დღეა ცნობილი მიზეზების გამო. ჟურნალისტი ისეთივე ჯარისკაცია, როგორც ომში მებრძოლი ჯარისკაცი. მას ზნეობრივი მისია აკისრია და ეს მისია სიმართლის თქმაა. იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რაც უკრაინაში ხდება, რეალობის შეფასების უნარი დავკარგე, ემოცია ჭარბობს. ალბათ, რთულია ამ დროს იყო ჟურნალისტი, რადგან ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც ისეთივე ემოციები აქვს, როგორც სხვებს. თქვენ ვალდებულები ხართ ასეთ მძიმე დროსაც შეასრულოთ პროფესიული მოვალეობა და იმ მარადიული ფასეულობის ერთგული იყოთ, რასაც სიმართლე ჰქვია,”-ამბობს ქალთა კლუბის დამფუძნებელი ნანა დოღონაძე.

,,თქვენ ხართ ადამიანები, ვისთვისაც მთავარია საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ვუსურვებ ჟურნალისტებს რომ მათი კალამი ჭრიდეს. დღეს ინფორმაციულ ომში ჟურნალისტის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი მაქვს, თქვენი, ჟურნალისტების მეშვეობით ცივილური სამყარო იდეოლოგიურ ომს მოიგებს და ხვალინდელი დღე ბევრად სამართლიანი და დემოკრატიული იქნება,”-აღნიშნა ქალთა კლუბის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.

,,ჟურნალისტი ის ადამიანია, რომელსაც მშვიდობის დროსაც არ აქვს მოდუნების საშუალება. უნდა დავაფასოთ ჟურნალისტები და ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რადგან ისინი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს აკეთებენ. წარმატებებს ვუსურვებ იმერეთში მოქმედ მედიასაშუალებებს,”-ამბობს ქალთა კლუბის პრეზიდენტი მარიკა ვაჭარაძე.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ 1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის_ ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით _21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *