საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის პირადად განაგრძობს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ არჩევანსა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადაეცემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას. მისი თქმით, ძალის გამოყენებაზე უარის თქმა საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვა არა კონფრონტაციის, არამედ უსაფრთხოების ზღვა იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *