ქუთაისში, მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური

უზრუნველყოფისათვის ბიუჯეტიდან 5591.2 ლარია გამოყოფილი. როგორც ქუთაისის მერმა შთა მურღულიამ აღნიშნა ეს თანხა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, ზრდა კი უფრო მეტად იმ მუხლს შეეხო, რომელიც უსახლკაროების უზრუნველყოფას ეხება: “რაც შეეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით ყოველწლიურადაა ზრდა. 2012 წელს ეს იყო 2 მილიონი ლარი, 2017 წელს 5 მილიონ ნახევარია. მინდა ვთქვა, რომ ნაწილობრივ ბატონი სამსონის შენიშვნა გათვალისწინებულია. თუმცა, ეს ბატონი სამსონის პოზიცია არ იყო მხოლოდ. ზრდა შეეხება იმ მუხლს, რომელიც არის უსახლკაროების უზრუნველყოფა. თქვენ იცით, რომ 28 ოჯახი უნდა დავაკმაყოფილოთ დაახლოებით თებერვლის თვეში. ჩვენ ვფიქრობთ, გავაგრძელოთ ეს თემა. ვნახოთ, შეძლებისდაგვარად, შეიძლება 5 -10 ოჯახით მეტის დაკმაყოფილებაც შევძლოთ თუ დამატებით თანხებს მოვიძევთ”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

2017 წლის ბიუჯეტში არის ცალკე საბინაო ფონდის–დროებითი საცხოვრისის შექმნის ქვეპროგრამა, სადაც აღნიშნულია: “ქალაქში საბინაო ფონდის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის სოციალურ სფეროში არსებული საკითხების მოგვარების კუთხით. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად, საბინაო ფონდის შექმნა თვითმმართველობის კომპეტენციას წარმოადგენს. წლების მანძილზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 700–ზე მეტი უსახლკაროა დაფიქსირებული. გათვალისწინებულია შეიქმნას დროებითი საცხოვრისი, სადაც დროებითი სარგებლობის ფორმით, საშუალება იქნება ერთდროულად დაკმაყოფილდეს მინიმუმ 20, მაქსიმუმ 50 ოჯახი. საბინაო ფონდისათვის ბინები ერთ სივრცეში უნდა იქნეს შეძენილი და აქცენტი 1 და 2 ოთახიან ბინებზე გაკეთდეს, ასევე, შენობას საერთო სამზარეულო და ეზო უნდა ჰქონდეს. სამშენებლო ობიექტზე გავრცელდება სტანდარტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მოთხოვნების შესაბამისად. 2016 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც ახორცილებს შესაბამისს მშენებლობას”, – აღნიშნულია ბიუჯეტში.

2017 წელს განსაზღვრულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფინანსება და დამატებითი ფართების შეძენა/ქირავნობის უზრუნველყოფა. მიღებული ფართების განაწილება განხორციელდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

დროებითი საცხოვრისების მოსაწყობად, უსახლკაროების უზრუნველსაყოფად ბიუჯეტში 1 მილიონ 995 ათასი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *