“ორგასაღებიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე სრულყოფილ სასამართლო კონტროლს,” – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში.”2015 წლის 31 მარტს ამოქმედდა მიყურადების ე. წ. “ორგასაღებიანი” სისტემა, რომლის მიხედვითაც, მიყურადების განსახორციელებლად სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლო ნებართვის გარდა სჭირდება ელექტრონული ნებართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან. ინსპექტორის ინსტიტუტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარე, ახალი სისტემა დადებითად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ორგასაღებიანი სისტემის არსებობა მაინც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მიყურადების სრულფასოვან პრევენციას, რადგან ძალოვან უწყებებს კვლავ დარჩათ ტექნიკური შესაძლებლობა სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელონ ფარული მიყურადება,” – აღნიშნულია კვლევაში.

კამპანია “ეს შენ გეხებაში” მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობდა სამი ახალი ინსტიტუტის შექმნას: 1. თვალთვალის სპეციალური სააგენტო; 2. საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო; 3. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. “უნდა გაზრდილიყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით. თუმცა, კანონპროექტის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ინიცირება ვერ მოხერხდა.ამავე დროს, ორგასაღებიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე სრულყოფილ სასამართლო კონტროლს, რადგან სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ დარჩათ შესაძლებლობა განახორციელონ კონტრდაზვერვითი ან საიდუმლო საგამოძიებო საქმიანობები (როგორიცაა საიდუმლო აუდიო ან ვიდეო ჩაწერა, ვიდეო ან ფოტოგადაღება ა.შ.) სასამართლოს ნებართვის გარეშე; აგრეთვე, კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მათ აქვთ უფლება განახორციელონ ელექტრონული კავშირის ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით. აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2015 წლის 16 ნოემბერს,” – წერია კვლევაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *