2 და 3 მაისს, ქუთაისის ტრადიციული სახალხო დღესასწაულის “ორმაისობის” ფარგლებში  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის #დაინახეყველაფერი რეგიონალური პრეზენტაცია გაიმართება.

კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

სამშაბათს, 2 მაისს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, “მონპლაზირის თაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისის თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართება სხვადასხვა ცნობიერების ასამაღლებელი სახალისო აქტივობა. დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებულ მითებსა და საპირისპირო რეალობას, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი საოციალური საწარმოს ბენეფიციარებთან ერთად სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების შექმნაში, გადაიღონ სახალისო ფოტოები და შეუერთდნენ სადღესასწაულო ხმაურიან მსვლელობას, რომელიც დაიწყება მონპლაზირიდან, 13:00 საათზე.

ამავე დღეს, 15:00 საათზე, მხატვარი ლია უკლება ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მოხატავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შენობის ფასადს ანტი-სტიგმა კამპანიის სიმბოლიკით. სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისს ესტუმრება “პარაორკესტრი”, რომელიც საღამოს 18:00 საათზე, მონპლაზირზე გამართავს კონცერტს. დასწრება თავისუფალია.

3 მაისს, ოთხშაბათს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან შეხვედრა. ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები ქრისტინე კოსტავა და ანა ლორთქიფანიძე დამსწრე სტუმრებს გააცნობენ საკუთარ წარმატებულ ისტორიებს. გაიმართება დისკუსია.

ქუთაისის ღონისძიება პირველია საკომუნიკაციო კამპანიის რეგიონალურ პრეზენტაციებს შორის, რომლებიც აპრილ-ივნისის განმავლობაშია დაგეგმილი. ქუთაისის შემდეგ კამპანიის პრეზენტაციები გაიმართება ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, თელავში, მარნეულში, ახალციხესა და ბათუმში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *