17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების

მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

,,ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე. პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო. 10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.”- წერია განცხადებაში. 

ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი, 23 წლის სიიმ ვეგერი, ქუთაისში 7 მარტს გაუჩინარდა. მისი დაკავგვის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს გაუჩინარებული ტურისტის მეგობარმა მიაწოდა. პოლიციამ ტურისტის ძებნა 8 მარტს დაიწყო. ტურისტის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონზე მიმდინარეობდა.

დაკარგული ტურისტის პოვნას შესაბამის უწყებებთან ერთად ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფიც ცდილობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *