წყალტუბოში სამმა პირმა სასტუმრო “არგოს” ფასადი

დააზიანა. მათ შენობას ქვები ესროლეს და სასტუმროს მფლობელის შვილიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც სასტუმროს ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა რადიო “ძველ ქალაქს” უთხრა, თავადაპირველად ადგილი სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა. მეპატრონემ აღნიშნულ პირებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ სასტუმროს გარე პერიმეტრზე ხმაურისაგან, რასაც მათი მხრიდან პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. მისივე თქმით, სასტუმროში განადგურებულია ავეჯი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა. ორი ქალი და ერთი კაცი. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მოთხოვნას და მათ დაკავების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

რაიმე საგნის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *