არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგმა’’ მედიას სახალხო დამცველობის კანდიდატის ნუგზარ კოხრეიძის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ორგანიზაციამ ნუგზარ კოხრეიძის მხარდამჭერი კამპანია 2 ოქტომბერს დაიწყო და ამ ეტაპზე იმერეთში მოქმედი 40-მდე ორგანიზაციის ხელმოწერა მოაგროვა, რომლებიც ნუგზარ კოხრეიძის კანდიდატურას მხარს უჭერენ.

,,თაობათა დიალოგის’’ გენერალურმა მდივანმა ლანა თოთაძემ ორგანიზაციების ერთობლივი წერილი წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სახალხო დამცველის მიუკერძოებლად არჩევაა. ორგანიზაციების თქმით, ნუგზარ კოხრეიძე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც საჭიროა სახალხო დამცველად არჩევისთვის.

ნუგზარ კოხრეიძემ დღევანდელ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთის მადლობა გადაუხდა, ასევე, აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, იმუშავებს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისში გადმოტანის საკითხზე.

,,ჩემი ამოცანაა რეგიონული ორგანიზაციები ჩაერთონ საქართველოს საერთო პროცესებში და დედაქალაქმა იგრძნოს, რომ საქართველოს პროცესებში რეგიონების ადგილიც არის. მინდა ამით ადგილობრივ ორგანიზაციებს მივცე მოტივაცია. Ჩემი პროგრამის ნაწილია, რომ სახალხო დამცველის სამსახური ქუთაისში გადმოვიდეს, ეს გააძლიერებს რეგიონალურ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დაეხმარება რეგიონებს მეტად ჩაერთონ საერთო პროცესებში. ამ ეტაპზე სამიზნე ჯგუფებთან კონსულტაციებს გავდივარ, მოგვიანებით ჩემს სრულ პროგრამას გაგაცნობთ,’’-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.

ნუგზარ კოხრეიძე 25 წელია არასამთავრობო სექტორში მუშაობს. ის ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის’’ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. აგრეთვე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე და მესამე სამუშაო ჯფუფის თანაკოორდინატორი, გარდა ამისა – აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლიმატის მოქმედებათა ქსელის საბჭოს წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *